სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.
2024 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
386 გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული.
წარმოდგენილ თემებს შორის არის - კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველთა უფლებები. ასევე, საკუთრების უფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, შრომის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა უფლებები, თანასწორობის უფლება და გენდერული თანასწორობა, ეროვნული უმცირესობები, დევნილთა, ეკომიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხები.