დეპარტამენტის უფროსი - ირინე ობოლაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნინო ვალიკოვი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა 2015 წლის 15 იანვარს. აღნიშნულ პერიოდამდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში ლიხტენშტეინის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია ხელი შეუწყოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვას; განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციის საქართველოში პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგი; საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგი; უზრუნველყოს მუდმივი კონტაქტი და მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო ორგანოებთან/ორგანიზაციებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან; ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
აღნიშნული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარატამენტის ფუნქციებია: სახალხო დამცველის აპარატში შემოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციისა და დაცვის ღონისძიებების, ასევე მისი საქართველოში იმპლემენტაციის მონიტორინგის განხორციელება; საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა და განზოგადება; სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ლობირება; მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკულ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თანამშრომლობა სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან მათი გამოცდილების შესწავლის მიზნით, სათანადო რეკომენდაციების/წინადადებების შემუშავების მიზნით საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისათვის; მედიის საშუალებებთან აქტიური თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თემაზე; სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის სპეციფიკიდან.