გზამკვლევი

რას წარმოადგენს სახალხო დამცველი?

სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

რა შემთხვევაში მივმართო სახალხო დამცველს?

სახალხო დამცველს შეგიძლიათ მიმართოთ მაშინ, როცა ირღვევა თქვენი (ან სხვისი) უფლებები და თავისუფლებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

უფლებების დარღვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, საწარმოთა, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა მხრიდან.

სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნება ახალი გარემოებანი.

რით დამეხმარება სახალხო დამცველი?

თუ თქვენი უფლებები დაირღვა სახალხო დამცველს შეუძლია:

რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის ან იურიდიულ პირს, რომლის მოქმედებამაც გამოიწვია თქვენი უფლებების დარღვევა;
დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მის ხელთ არსებული მასალები გადასცეს საგამოძიებო ორგანოს;
შეიტანოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში იმ პირთა დისციპლინარული ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია თქვენი უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;
აცნობოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით;
ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ გამოაქვეყნოს სპეციალურ მოხსენებებსა და ყოველწლიურ ანგარიშებში;
ეს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა არასრული ჩამონათვალია. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ“.

უფასოა თუ არა სახალხო დამცველის მიერ გაწეული მომსახურება?

განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

რა საკითხებს განიხილავს სახალხო დამცველი?

სახალხო დამცველი განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით.

როგორ შევიტანო განცხადება/საჩივარი?

განცხადება ან/და საჩივარი უნდა იყოს დაწერილი სახალხო დამცველის სახელზე, გარკვევით, ქართულ ენაზე, უნდა მოიცავდეს ძირითადი საკითხის, გარემოებების აღწერას და განმცხადებლის ზუსტ მისამართს.

განცხადება ან/და საჩივარი შეიძლება სახალხო დამცველს გამოეგზავნოს ფოსტით ან მოქალაქემ უშუალოდ მიიტანოს სახალხო დამცველის ოფისში.

დაცული იქნება თუ არ ჩემი კონფიდენციალობა?

განმცხადებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მისი საჩივრის კონფიდენციალურად. ასეთ შემთხვევაში საჩივარი კონფიდენციალურად განიხილება.

დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია, მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.

როგორია საჩივრის განხილვის ვადები?

სახალხო დამცველი თქვენი განცხადების ან/და საჩივრის განხილვისას დროში შეზღუდული არ არის. განცხადების განხილვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია მასში დაფიქსირებული პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე. ხშირად სხვა უწყებებისგან საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის გამო, საჩივრის განხილვისთვის საჭირო დრო ხანგრძლივდება.

შემიძლია თუ არა მივმართო სახალხო დამცველს, თუ კი ვარ საქართველოს მოქალაქე დროებით მცხოვრები სხვა ქვეყანაში?

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაგრამ თვლის რომ მისი უფლებები დაირღვა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების, თანამდებობისა და იურიდიულ პირების მხრიდან – შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს.

სად შეიძლება მოვიპოვო უფრო მეტი ინფორმაცია ჩემი უფლებების შესახებ?

თქვენი უფლებების შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სახალხო დამცველის ბიბლიოთეკაში. მაგალითად: ორტომეული – „ადამიანის უფლებათა სფეროში ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების კრებული“ – შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას ადამიანის უფლებების შესახებ.

როგორ შეიძლება დავეხმარო სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში?

სახალხო დამცველი და მისი აპარატი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ადამიანებს თავისუფლება ეზღუდებათ, სწავლობს ინდივიდუალურ საჩივრებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს დარღვეული უფლებების აღსადგენად, ახორციელებს სამოქალაქო განათლების პროცესს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების და მისი დაცვის შესაძლებლობებზე. სახალხო დამცველს აქვს საკმაოდ ძლიერი და ფართო მანდატი, რომელიც იცავს თითოეულ მოქალაქეს.

უნდა ითქვას, რომ რთულია ერთმა ომბუდსმენმა და მისმა ოფისმა ცალმხრივად დაიცვას 4 მილიონზე მეტი ადამიანის უფლებები. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს უფრო დაცული და რეალიზებული! ომბუდსმენის წარმომადგენელი არამხოლოდ მისი რეგიონული ოფისები და თანამშრომლებია – ომბუდსმენის წარმომადგენელი არის თითოეული მოქალაქე, რომელიც მოქმედებს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების დასაცავად, რომელსაც ესმის, რომ მისი უფლებების დაცვა არ არის წერტილი, არამედ სხვისი უფლებების დაცვაზე გავლებული ხაზია.

ნებისმიერი მოქმედება, რომლითაც თქვენ საკუთარი ან სხვისი უფლებების დაცვას ეცდებით მაშინ, როცა ბავშვის მიმართ ძალადობენ, როცა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანს დევნიან, ხანდაზმულის უფლებებს არღვევენ, დასაქმებულს უსამართლოდ ეპყრობიან, პატიმარს აწამებენ ან არაადამიანურად ეპყრობიან, უმცირესობაში მყოფ მოქალაქეებს ავიწროებენ, განსხვავებების გამო უფლებას ართმევენ, თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავენ – არის მოქმედება ადამიანის უფლებების დაცვისთვის და შესაბამისად მხარდაჭერა ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციონირებისადმი.

სად უნდა მივმართო სახალხო დამცველს საჩივრით?

სახალხო დამცველს საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ადგილებზე:.საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)