მიმართვა

ძვირფასო თანამოქალაქენო

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად “საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება“. ის გამოხატავს მთელი ქართველი ერის და საქართველოს ყველა მოქალაქის - განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა და რწმენისა – ნებას, ერთიანი ძალისხმევით ჩამოაყალიბონ დემოკრატიული სახელმწიფო.

ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ადამიანის უფლებების და თავისუფლების პატივისცემისა და დაცვის გარეშე, რადგან სწორედ ეს არის დემოკრატიის ერთ–ერთი ძირითადი გარანტი.

ადამიანის უფლებებში ერთიანდება ყველა მოქალაქის ინტერესი და მისი დაცვის ყველაზე მყარი საშუალება არის კანონი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩემი, როგორც ომბუდსმენის მთავარი მიზანიც საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებაა.

მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ამირჩია, ჩემი მოვალეობაა დავიცვა თქვენი უფლებები და თავისუფლებები.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, ვალდებული ვარ:

  • რეაგირება მოვახდინო საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებებსა და საჩივრებზე, რომლებიც ეხება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
  • შევამოწმო დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა.
  • გავწიო საგანმანათლებლო საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

ჩემი მიზანია რეაგირების გარეშე არ დარჩეს არცერთი ფაქტი, როცა ბავშვის უფლებები ილახება, ხანდაზმულის უფლებები უგულებელყოფილია, დასაქმებულს უსამართლოდ ეპყრობიან, საკუთრების უფლება ირღვევა, პატიმარს აწამებენ ან არაადამიანურად ეპყრობიან, უმცირესობაში მყოფ მოქალაქეებს ავიწროებენ, განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანს დევნიან, თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავენ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი განცხადებები და საჩივრები ჩემი და სახალხო დამცველის აპარატის მიერ სამართლიანად და სწრაფად იქნება შესწავლილი.

საქართველოს სახალხო დამცველი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)