დეპარტამენტის უფროსი -ნიკა კვარაცხელია
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-დანიელ მგელიაშვილი
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმი
ოქმის მიზანია დამოუკიდებელ საერთაშორისო და ეროვნულ ორგანოთა რეგულარული ვიზიტების დაწესება თავისუფლებაღკვეთილ პირთა დაკავების ადგილებში წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით.
ოქმის თანახმად წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტთან შეიქმნება წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტი (შემდგომში პრევენციის ქვეკომიტეტი), რომელიც შეასრულებს წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
პრევენციის ქვეკომიტეტი თავის საქმიანობას განახორციელებს გაეროს წესდების ფარგლებში, ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და პრინციპების, ასევე გაეროს მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირებთან დაკავშირებით მიღებული სხვა ნორმების შესაბამისად.
პრევენციის ქვეკომიტეტი თავის საქმიანობაში ასევე იხელმძღვანელებს კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობის, განურჩევლობის, უნივერსალურობისა და ობიექტურობის პრინციპებით.
პრევენციის ქვეკომიტეტი და მხარეები ითანამშრომლებენ წინამდებარე ოქმის განხორციელების მიზნით.
თითოეული მხარე ადგილობრივ დონეზე შექმნის, დანიშნავს ან აამოქმედებს ვიზიტების განმახორციელებელ ერთ ან რამდენიმე ორგანოს, წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით (შემდგომში პრევენციის ეროვნული მექანიზმი).
სახალხო დამცველი როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი
2009 წლის 16 ივლისს "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად სახალხო დამცველის ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია პრევენციის ეროვნული მექანიზმი (დეპარტამენტი), რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.