დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის პირველი მოადგილის წინაშე, რომლებიც დადგენილი წესით ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. დეპარტამენტის მიზანია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა, განვითარება, მოტივირებული, კვალიფიციური და ორგანიზაციის ღირებულებების გამზიარებელი კადრების მოძიება.
დეპარტამენტის ფუნქციებია:
- საქართველოს სახალხო დამცველის, მოადგილეების და აპარატის სტრუქტურული ერთეულების კონსულტირება იურიდიულ/სამართლებრივ საკითხებზე;
- ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლობა;
- შიდაუწყებრივი აქტების (დებულების, შინაგანაწესის, ორგანიზაციული ბრძანებების), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
- აპარატში შემუშავებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება გარდა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა;
- აპარატის წარმომადგენლობის მიზნით განცხადებების, სარჩელების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საჩივრებისა და კერძო საჩივრების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
- აპარატის მონაწილეობით წარმოებული ცალკეული დავების ანალიზის მომზადების უზრუნველყოფა;
- სასამართლო დავების აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
- საქმისწარმოების განხორციელება სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე;
- აპარატის თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებით აპარატში შემოსული საჩივრების განხილვა;
- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
- ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;
- ადამიანური რესურსების მოზიდვა, პერსონალის შერჩევა ან/და კონკურსების ორგანიზება, ასევე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
- სამუშაოს ანალიზის საფუძველზე თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება;
- თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენის/აღრიცხვის კონტროლი;
- საკადრო ბრძანებათა პროექტების მომზადება და მათი რეესტრის წარმოება;
- თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სტაჟირების სისტემის ორგანიზება; სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;
- ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამის მონაცემთა დამუშავება, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წარმოება;
- ადამიანური რესურსების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
- თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება;
- თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის ღონისძიებების ორგანიზება;
- უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
- სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- აპარატის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ელექტრონული ტაბელის წარმოება–ადმინისტრირება;
- ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის მართვა/ადმინისტრირება;
- სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.