ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.
რა უფლებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს?
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:
- სიცოცხლის უფლება
- კანონის წინაშე თანასწორობის უფლება
- მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება
- პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
- წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლების უფლება
- ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლების უფლება
- პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება
- მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება
- დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება
- აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
- საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება
- განათლების უფლება
- ჯანმრთელობის უფლება
- შრომისა და დასაქმების უფლება
- ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოციალური დაცვის უფლება
- პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
- კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება
დასახელებული კონვენციის დებულებების დარღვევის მსხვერპლს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის (საქართველოში ძალაშია 2021 წლის 12 მაისიდან) საფუძველზე, უფლება აქვს წარადგინოს შეტყობინებები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში (ამავე ოქმის მუხლი 1, პუნქტი 1).
რას ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე:
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად:
- სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცულობას;
- სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში (მუხლი 3, პუნქტი 1).
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იცხოვრონ დამოუკიდებლად, დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში. ასევე, სრულყოფილად იყვნენ ჩართული ცხოვრების ყველა სფეროში (მუხლი 1). აკრძალულია ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე (მუხლი 5, პუნქტი 1);
- სახელმწიფო ცნობს გონივრული მისადაგების პრინციპს, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში (მუხლი 2, პუნქტი გ);
- სახელმწიფო აღიარებს უნივერსალური დიზაინის პრინციპს, რომელიც გულისხმობს პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების ისეთი დიზაინს, რაც ყველა ადამიანს აძლევს მათზე სპეციალური ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე წვდომის საშუალებას. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას (მუხლი 2, პუნქტი დ);
- სახელმწიფო ხაზს უსვამს მისაწვდომი გარემოს პრინციპს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, აგრეთვე ტრანსპორტით, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა სხვებთან თანაბარ პირობებში) (მუხლი 2, პუნქტი ვ);
- სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ქალებთან თანასწორად (მუხლი 6, პუნქტი 1);
- სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად (მუხლი 7, პუნქტი 1);
- შესაბამისი სისტემის/მექანიზმის დანერგვის საფუძველზე, შშმ პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების მიღების უფლებით (მუხლი 8, პუნქტი 1);
- სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ პირთათვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად (მუხლი 9);
- სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურებების სფეროებში (მუხლი 10, პუნქტი 2);
- სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასა და მათი შრომის უფლების რეალიზება (მუხლი 11); ყოველწლიურად მტკიცდება დასაქმების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ქალები და ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან (მუხლი 12, პუნქტი 1);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ ჩაერთონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანასწორ, უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით (მუხლი 14, პუნქტი 1);
- სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას (მუხლი 15, პუნქტი 2);
- სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასვენებას, თავისუფალი დროის გატარებას, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და მათ სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარ პირობებში (მუხლი 16, პუნქტი 1);
- სახელმწიფო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას (მუხლი 17, პუნქტი 1, ქვეპუნქტი 1, 2);
- სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას (მუხლი 18, პუნქტი 1);
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად:
- შრომით ურთიერთობაში აკრძალულია დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით (მე–2 მუხლის მე–3 ნაწილი);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის, კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვის მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს. ეს ტვირთი არაპროპორციულად არ მიიჩნევა, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა, ალტერნატიული საშუალებები (მე-9 მუხლი);
- დამსაქმებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გონივრული მისადაგების ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვითა და შესრულებით (23-ე მუხლის მე-5 ნაწილი);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ, ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო (24-ე მუხლის მე-10 ნაწილი);
- აკრძალულია ღამის სამუშაოზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (28-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
რა სახის სამედიცინო და სოციალური სერვისებია გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის?
- 2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში ძალაშია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ხდება სამედიცინო მომსახურების მიწოდება
- ყოველწლიურად მტკიცდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა (ითვალისწინებს: დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას; დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას: ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამას; სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას; ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამას);
- ყოველწლიურად მტკიცდება საყოველთაო ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამები
სოციალური პაკეტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; (მუხლი 121, მე-2 პუნქტი, ა ქვეპუნქტი)
აქვს თუ არა დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტის მიღების უფლება?
- როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ ანაზღაურების პარალელურად მიიღონ სოციალური პაკეტი
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რა დამატებითი მექანიზმებია გათვალისწინებული დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის?
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;
- დღგ-სგან თავისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისთვის აუცილებელი საქონლის იმპორტი (ამავე კოდექსის 173-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი;
- ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის, თუ სატრანსპორტო საშუალების იმპორტის განმახორციელებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილებას საჭიროებს (ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ლ1’’ პუნქტი)
როგორ მოვიქცეთ თუ ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს და სხვა) უფლება აქვს მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში არის თუ არა დაწესებული რაიმე სახის გადასახადი?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სახის გადასახადი არ გადაიხდევინება.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–16 მუხლის თანახმად დაინტერესებულ პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის შემთხვევაში, განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები ყველა სარჩელზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დასახელებული დოკუმენტების გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ემსახურება არაერთი საერთაშორისო და ეროვნული აქტი.