სიახლეები

გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში

2022 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ონლაინ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა შეაფასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებული კვლევა წარადგინა.

თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ გენდერული თანასწორობის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შესაქმნელად სახელმწიფოს მიერ გააზრებული და ერთიანი ხედვის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მექანიზმების გაძლიერებასა და ხელს უწყობს მათ მდგრადობას.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი ოშიკავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი მაკა ფერაძე. ექსპერტმა ლიკა ჯალაღანიამ გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა შეაფასა და დამსწრე საზოგადოებას კვლევის ძირითადი მიგნებები გააცნო.

კვლევამ გამოავლინა, რომ გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმები კვლავ საჭიროებს ინსტიტუციურ გაძლიერებას და დახვეწას, რაც მექანიზმის სისტემური ხასიათის ნაკლებობასთან არის კავშირში. ეროვნული მექანიზმების როლი მეტწილად საკონსულტაციო ფუნქციებში ვლინდება და შესაბამისად, სუსტია მათი გავლენა პოლიტიკის განსაზღვრასა და კოორდინირებაში. გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სათანადო ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს; სამწუხაროდ, საქართველოში აღნიშნული კვლავ რჩება პრობლემად, რაც შემდგომში გავლენას ახდენს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მხრივ არსებულ ზოგად მდგომარეობაზე. გამოწვევაა ასევე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების მხრიდან მზაობისა და კოორდინაციის ნაკლებობა. რაც შეეხება უშუალოდ უწყებებს, მიუხედავად მათ მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ზომებისა, განხორციელებული პროგრამები და პროექტები ქაოტურია და არ არის დაფუძნებული ერთიან მიდგომაზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები კვლავ არ არის პრიორიტეტული.

ონლაინ პრეზენტაციას მოდერაცია გაუწია საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)