სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაში „ნუ წაართმევ ბავშვობას“
2023 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაში - „ნუ წაართმევ ბავშვობას“. ღონისძიება ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა.
კამპანიის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასევე, ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე გასატარებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ პროცესში უწყებათა შორის კოორდინაციული მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.