სახალხო დამცველმა მიუსაფართა თავშესაფარი მოინახულა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ დაქვემდებარებაში არსებული ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი მოინახულა. შეხვდა დაწესებულების პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავშესაფრის ბენეფიციარებს.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო ინფრასტრუქტურას, დაინტერესდა დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისებითა და თავშესაფარში არსებული გამოწვევებით.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად სწავლობს ქვეყანაში უსახლკარო პირთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის ატარებს ქვეყანაში მოქმედი სოციალური საცხოვრისების მონიტორინგს, ეცნობა ობიექტებში არსებულ მდგომარეობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც ასევე ასახულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.