სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა ალბანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ალბანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, სახელწოდებით: „ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები – წარმატებული პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება”.
კონფერენციაზე ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და ალბანეთის იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის ფუნქციონირებას და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე მათი მხრიდან ზედამხედველობის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ამავე საკითხზე გამახვილდა ყურადღება ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს ხელმძღვანელის და ევროკავშირის ომბუდსმენის მხრიდან.
კონფერენციაზე ალბანეთის ყოფილმა ომბუდსმენებმა ინსტიტუტის შექმნის, განვითარების და ამ გზაზე სხვადასხვა გამოწვევის დაძლევის ისტორიაზე ისაუბრეს, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტიტუტების ქსელის ბორდის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ალბანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლობაზე ქსელთან და მის მნიშვნელობაზე.
ალბანეთში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო, ევროპის საბჭო, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ თანამშრომლობას და პროექტებს რასაც ალბანეთის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად ახორციელებენ.