სახალხო დამცველის განცხადება ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.
ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.
სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.