საქართველოს სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
2023 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და დამსწრეთ აპარატის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, პოლიტიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არამეგობრულ გარემოზე, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე, მედიის თავისუფლების პრობლემებზე, კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობასა და სხვა საკითხებზე.
სახალხო დამცველმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეები სამომავლოდ ინტენსიური და თემატური შეხვედრების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ევროკავშირის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“.