სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეშფოთებულია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლებისთვის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლის გამო.
საბჭო მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველს დაუბრკოლებლად უნდა ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. აუცილებელია, რომ ამ და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სახელმწიფომ უზრუნველყოს სახალხო დამცველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვის უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე გავრცელებული ყველა ფაქტის ობიექტურ და გამჭვირვალე გამოძიებასა და მისი შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენას.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მოუწოდებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ პროცესში პირდაპირ და ირიბად ჩართულ ყველა ორგანიზაციას და კერძო პირს იხელმძღვანელონ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესებით და არა პოლიტიკური, იდეოლოგიური, პირადი და სხვა ინტერესებით.
ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საბჭო უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფასა და სახალხო დამცველის მიერ თავისი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებას.