სიახლეები

სახალხო დამცველმა ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში მომზადებულ სახელმწიფო ანგარიშზე კომენტარები წარადგინა

2022 წლის 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს წარუდგინა კომენტარები (წერილობითი კონტრიბუცია) ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მე-15 ეროვნული ანგარიშის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლების მე-15 ეროვნული ანგარიში ეხება ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 თემატურ ჯგუფს შრომის უფლებებზე. კერძოდ, ანგარიშში განხილულია შემდეგი უფლებების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები:

  • შრომის ჯეროვანი პირობები
  • შრომის სამართლიანი ანაზღაურება
  • ორგანიზების უფლება
  • კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება
  • ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია
  • სამუშაო პირობებისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა
  • სამუშაოზე ღირსების უფლება
  • შრომით დაწესებულებებში მუშა-მოსამსახურეთა წარმომადგენლების უფლება დაცვაზე და მათი სათანადო საშუალებებით აღჭურვა
  • ინფორმაციისა და კონსულტაციის უფლება სამსახურიდან კოლექტიური გათავისუფლების პროცედურების შემთხვევებში

სახალხო დამცველის კომენტარები ალტერნატიულად აფასებს ზემოაღნიშნული ზოგიერთი უფლების უზრუნველსაყოფად ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. ასევე, იგი პასუხობს ქარტიის წევრი სახელმწიფოებისთვის სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის მიერ დასმულ გარკვეულ კითხვებს ქარტიით დაცული ზემოხსენებული უფლებების შესახებ.

ევროპის სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროსაბჭოს ხელშეკრულებას, რომლითაც გარანტირებულია ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ქარტიით  გათვალისწინებული უფლებები თითოეულ ადამიანს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება და დაკავშირებულია დასაქმებასთან, საცხოვრებელთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სოციალურ დაცვასთან და კეთილდღეობასთან.

ევროპის სოციალური ქარტიის შესრულების შესახებ ანგარიშგების პროცედურის თანახმად, წევრი სახელმწიფოები ყოველწლიურად წარუდგენენ ანგარიშს სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს სახელმწიფოს საქმიანობის შესახებ. ქარტია დაყოფილია ოთხ თემატურ ნაწილად და ყოველი საანგარიშო წელი მოიცავს კონკრეტული მიმართულების უფლებებს. წელს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი შრომითი უფლებების დაცვის საკითხებზე სახელმწიფოების მიერ სოციალური ქარტიის დებულებების შესრულების თაობაზე წარდგენილ ეროვნულ ანგარიშებს შეისწავლის და გამოსცემს დასკვნებს, სადაც სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების შესრულებას შეაფასებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)