კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევას ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“.
საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. აღნიშნული ფუნქციის განხორციელების მიზნით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 2017 წლის ნოემბერი - 2018 წლის აპრილის პერიოდში ზოგადი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობის პროექტი განახორციელა, რომელიც დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა (DIHR) დააფინანსა.
კვლევაში ასახულია ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები - სასწავლო პროგრამების, ზოგადი განათლების შესახებ რეგულირების ჩარჩოს, სკოლების სასწავლო კლიმატისა და სკოლების მართვის/ადმინისტრირების პრაქტიკის მიმართულებებით.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების და მათ შორის, ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა განახორციელა. ინტერვიუები ჩაუტარდა სამ სამიზნე ჯგუფს: 7-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნების პედაგოგებს, რომელთა სასწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებს და სკოლების ადმინისტრაციას (სულ 1480 ინტერვიუ).