10 დეკემბრის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015
10 დეკემბერს ცივილიზებული სამყარო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გადაწყვეტილებით, წელს 10 დეკემბრის მთავარი გზავნილია „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის“. გზავნილი, უფლებებისა და თავისუფლებების მარადიული იდეის ირგვლივ ტრიალებს და იმ საქმიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მათ დასაცავად და უზრუნველსაყოფად დღემდე გრძელდება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე წლის მნიშვნელოვან მოვლენად გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს. ამასთან, სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტურად შეასრულოს არა მხოლოდ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოს გაეროს სისტემა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. საბჭოს წევრობა ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა საკითხებს უნდა მიენიჭოს.
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2013 წელს დაწყებული ინიციატივის გაგრძელებას - ყოველი წლის 10 დეკემბერს შეაჯამოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოში. სახალხო დამცველის ყოველწლიური, საპარლამენტო ანგარიშისგან განსხვავებით, ბუნებრივია, წინამდებარე დოკუმენტს ყოვლისმომცველობის პრეტენზია არ აქვს; მისი ძირითადი დანიშნულებაა საზოგადოებას გააცნოს წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.