სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ
2023 წლის 19 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო რუსეცკიმ სტუმრებს დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მუშაობის სპეციფიკა და თემატური მიმართულებები გააცნო; ისაუბრა ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვიზებზე. მათ შორის, ადრეულ ასაკში ქორწინების ტენდენციებზე. მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია დეპარტამენტის მონიტორინგის მექანიზმებზე და უწყებებთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე.
გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო იაკობიძემ დელეგაციის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ, მეთოდოლოგიასა და კვლევის ფარგლებში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მიიღეს ინფორმაცია და შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.