სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აზერბაიჯანის დელეგაციას შეხვდა
2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ომბუდსმენის ინსტიტუტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) საქართველოს მიერ რატიფიცირებასა და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო რუსეცკიმ დელეგაციას დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მუშაობის სპეციფიკა, თემატური მიმართულებები და მომართვიანობის ტენდენციები გააცნო. გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა ლობჟანიძემ დამცველის აპარატის მიერ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმზე ისაუბრა. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. დელეგაციის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს აზერბაიჯანის ოფისის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებისა და აზერბაიჯანის ომბუდსმენის ინსტიტუტის წარმომადგენლები.