საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ქალთა მკვლელობების შემთხვევებზე
საზოგადოებისთვის ბოლო სამი დღის განმავლობაში სამი ქალის მკვლელობის ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის მასშტაბებზე და ქვეყანაში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქალის მკვლელობის 14 და მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამას ემატება ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევებიც.
სახალხო დამცველი ყოველწლიურად შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას შემდეგი მიმართულებით:
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გაძლიერება - მნიშვნელოვანია გაიზარდოს ძალადობისგან დაცვის ღონისძიებების პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ელექტრონული ზედამხედველობა, რომელიც სამწუხაროდ ეფექტიანად არ გამოიყენება. (2021 წელს ელექტრონული ზედამხედველობა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მხოლოდ 14 პირის, ხოლო ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე 1 პირის მიმართ დაწესდა.) ამასთან, მნიშვნელოვანია რისკის შეფასების არსებული მექანიზმის გადახედვა და შესაძლო ხარვეზების გამოვლენა.
შემთხვევებზე რეაგირება და სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება - არსებული პრაქტიკა აჩვენებს რომ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ეფექტიანი და დროული განხორციელება. მკვლელობის და მკვლელობის მცდელობათა მნიშვნელოვანი ნაწილი განმეორებითი დანაშაულია, რაც მიუთითებს რომ განხორციელებულმა რეაგირებამ შემთხვევის განმეორებითობაზე პრევენციული ეფექტი ვერ მოახდინა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციის გაძლიერება და შემთხვევათა ადრეული გამოვლენა - მნიშვნელოვანია ყველა უწყების ძალისხმევის გაძლიერება და კოორდინირებული ქმედებების განხორციელება შემთხვევათა ადრეული გამოვლენის და პრევენციისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირების და პოლიტიკოსების მხრიდან საჯარო განცხადებები და გამოხმაურება, სახელმწიფოს პოლიტიკის გაჟღერებისთვის.
ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევების გახშირებული რაოდენობის გამო დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს მთავარობაში არსებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეკრება, მყისიერი რეაგირების გეგმის შემუშავებისთვის.