სიახლეები

ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და რეფერირება

2022 წლის 30 ნოემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა კვლევის „ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ პრეზენტაცია.

კვლევა მოამზადა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიება გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

კვლევის მიზანია გააანალიზოს საქართველოში ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე საკანონმდებლო თუ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებული ბარიერები და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით ხელი შეუწყოს ამგვარ შემთხვევებზე პრევენციული და ეფექტიანი რეაგირების პოლიტიკის გაუმჯობესებას.

„კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, უნიკალურ ინფორმაციას გვაძლევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მონიტორინგის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მულტისექტორული მიდგომა და ეფექტიანი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას, რათა შევძლოთ ამ საზიანო პრაქტიკის მაქსიმალური პრევენცია და დაცული იყოს თითოეული მოზარდის უფლება - მიიღოს განათლება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება,“ - აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

კვლევაში გაანალიზებულია სისხლის სამართლის 74 საქმე, რომელიც ჩადენილია და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა 2020 და 2021 წლებში. მასში შესულია ისეთი საქმეებიც, სადაც სამართალწარმოება დასრულებულია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოში, ან შეწყდა გამოძიება. ასევე წარმოდგენილია ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე მომზადებული თვისებრივი კვლევის შედეგები და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2020-2021 წლებში და 2022 წლის პირველ 6 თვეში შესწავლილი საქმეები.

„მართალია, კანონმდებლობით აიკრძალა 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითად იმოქმედა ამგვარი შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთან არარეგისტრირებული ქორწინების ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას, რაც ხშირად დანაშაულებრივი გზით ხდება.

განსაკუთრებით პრობლემურია, როგორც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებში, ასევე ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ამგვარი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას“ - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

კვლევის შედეგად შემუშავდა საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები,რომელიც შესაბამისი უწყებების კოორდინირებული და აქტიური მნიშვნელობის მუშაობას უსვამს ხაზს, მათ შორის:

  • კვლავ პრობლემურია ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და რეფერირების პროცედურების გამართულად მუშაობა;
  • პრობლემად რჩება ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი გადამისამართება (რეფერირება). გამოიკვეთა რეფერირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევები;
  • შესაბამის სპეციალისტებს, განსაკუთრებით მასწავლებლებს, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია და ცოდნა ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, რეფერირების პროცედურებისა და ვალდებულებების შესახებ;
  • უწყებებს განსაკუთრებით უჭირთ ბავშვობის ასაკში ქორწინების ისეთ ფაქტებზე რეაგირება, რომლებიც არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. ეს, გარკვეულწილად, შეიძლება ეფექტიანი საკანონმდებლო ბერკეტების ნაკლებობით აიხსნას;
  • არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში, უწყებების მხრიდან, უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა;
  • უმეტესად არ ხდება საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც გამოწვეულია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვისას შესაბამისი კითხვების დაუსმელობითა და სათანადო მტკიცებულებების მოძიების დეფიციტით;
  • ძალიან დაბალია საქმეებში ფსიქოლოგის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და ადვოკატის ჩართულობის მაჩვენებელი;
  • საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება; საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვანის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე;
  • ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოები, ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას ან ექმნებათ სხვადასხვა ბარიერი და დაბრკოლება სკოლაში სასიარულოდ და საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად;
  • კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს დეტალურად სეგრეგირებულ სტატისტიკას ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)