შემოწმების შედეგები 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით
5 ივლისის საქმის გამოძიებას სახალხო დამცველი არაეფექტიანად წარმოებულად მიიჩნევს. პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის არვინ მისცა პასუხისგებაში, ხოლო სასამართლომდე მისულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული და კონკრეტულ შემთხვევებში - დაუსაბუთებელია.
სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობა შეისწავლა; საერთო ჯამში, სისხლის სამართლის სამი საქმე, რომელთა მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ სს კოდექსის სხვადასხვა მუხლებით 20 პირს გამოუტანა განაჩენები.
ხსენებული 20 პირიდან, სხვა მუხლებთან ერთად, მხოლოდ 6 პირი გამტყუნდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, ხოლო დანარჩენი 14 პირი სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების ეპიზოდში გაამართლა (სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო).
შესწავლილი საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ 5 ივლისის საქმეზე ჩატარებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ზედმიწევნითობისა და დროულობის კუთხით. დაგვიანებით ჩატარდა ექსპერტიზა, დაგვიანებით იქნა მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები.
პროკურატურამ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და არ წარუდგინა ბრალდება კონკრეტულ პირს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის შესახებ, რაც გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ სასამართლომ 14 პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებაში გაამართლა.
პროკურატურამ ასევე უგულებელყო საკუთრების უფლების ხელყოფის ცალკეული შემთხვევები და არ წარადგინა შესაბამისი ბრალდება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით.
გამოიკვეთა არაერთგვაროვანი პრაქტიკაც, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ 6 პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის გამტყუნებისას, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ჯგუფური ძალადობის არსებობის დასადგენად, ხოლო სხვა საქმეებზე აღნიშნული მიდგომა არ გაავრცელა და 14 პირი გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ყველა პირზე ანალოგიური მტკიცებულებები ქონდა წარმოდგენილი.
ბრალდების მხარის ერთ-ერთ არსებით ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორის ან ხელმძღვანელისთვის ბრალდება წარდგენილი არ ჰქონდა.
სასამართლომ ასევე დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, არ გაითვალისწინა რა, კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება სასჯელის განსაზღვრის დროს.