რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის სპეციალური სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

2018 წლის 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, ბავშვთა დაცვისა და დროული დახმარებისთვის შემუშავდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იკვლევს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების საკითხებს.

შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ განსაკუთრებულ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის ფაქტებზე უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირების გატარება; დროულად ვერ ხდება დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, ვერ ხორციელდება მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია და მათი საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.

სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია ბავშვების არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან დასაცავად. იკვეთება ასევე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების, განსაკუთრებით პედაგოგებისა და სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება სექსუალური ძალადობის ნიშნების და შემთხვევების დროულად გამოსავლენად.

ამ ფონზე, ქვეყანაში მაღალია ბავშვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების რიცხვი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016–2017 წლებში, ბავშვთა მიმართ სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ 353 შემთხვევაზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 395 არასრულწლოვანს. სექსუალური ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საზოგადოებაში კვლავ დაბალია ინფორმაცია ბავშვის ამ სახის ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულ ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად არის ორიენტირებული. რეგიონული მასშტაბით, სააგენტოს წარმომადგენლობებს ჰყავს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 11.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია პასუხისმგებელმა უწყებებმა დროულად შეიმუშაონ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კონცეფცია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის უზრუნველსაყოფად; ამასთან, სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული მექანიზმები სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის, მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სათანადო სერვისებზე დროული და ხარისხიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და განსაკუთრებით ბავშვთა და მშობელთათვის ხელმისაწვდომ ფორმატში აქტიურად განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიები უფლებადაცვითი მექანიზმების შესახებ; სისტემურად უნდა მოხდეს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა გადამზადება ძალადობის იდენტიფიცირების, ცნობიერების ამაღლების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)