სამუშაო შეხვედრა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
2024 წლის 25 და 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლი, რელიგიათაშორისი თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელური ალიანსის - საქართველოს ევანგელურ პროტესტანტული ეკლესიისა და საქართველოში ხსნის არმიის წარმომადგენლებმა.
სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ასევე, ისაუბრა რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.
სამუშაო შეხვედრაზე რელიგიის თავისუფლების ჭრილში განხილულ საკითხთა შორის იყო სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო გაწვევის ახალი სისტემა და რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეების აღმსარებლობის ნიშნით მონაცემთა დამუშავების წესი; რელიგიური, საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, რესტიტუცის, რესტავრაციის, კუთვნილების, სამშენებლო ნებართვების მოპოვების საკითხები; ასევე განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია რელიგიური უმცირესობებისთვის, რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლების არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრეს.