სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
2025 წლის 21-23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს მედიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და ჟურნალისტებს დოკუმენტში ასახული ძირითადი თემები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრაზე 2024 წლის განმავლობაში სამოქალაქო, პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, მათ შორის, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების დაცვის მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს შეკრებების გაშუქების სტანდარტებზე, ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვის და ინფორმაციის თავისუფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით შეაფასეს გასულ წელს მიმდინარე საპროტესტო აქციები, განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა დაკავებულთა მოძიების/მონახულების და დაშავებულთა მდგომარეობის დოკუმენტირების კუთხით.
ასევე იმსჯელეს პატიმართა, განსაკუთრებით, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე.