ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

2024 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და იორმუღანლოს თემის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების - ლამბალოსა და მუღანლოს მოსახლეობას შეხვდა.

სახალხო დამცველთან საუბარში მოსახლეობამ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა შორის ცალკე უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოსახლეობის ინტეგრაციას და თვითმმართველობაში ჩართვას. გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს სოფლებში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის განვითარება, რაც აფერხებს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. ასევე, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაადგილების დრო და მარშრუტები არ არის ოფიციალურად დადგენილი.

საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ახალგაზრდებთან აპარატის მანდატზე ისაუბრა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიურ ანგარიშში ასახული საკითხები, მათ შორის, ბავშვის უფლებები, ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკა, ბილინგვური სწავლების საკითხები მიმოიხილა. ასევე, გაეცნო ახალგაზრდების ხედვას.

სახალხო დამცველი მუდმივად ატარებს შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და სოფლის მოსახლეობასთან და მათი უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, აპარატი რეკომენდაციებით მიმართავს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)