სახალხო დამცველმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები მოინახულა
2023 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული იორმუღანლოს თემის, ლამბალოს, კაზლარისა და დუზაგრამის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
საგარეჯოს სოფლების მაცხოვრებლებმა სახალხო დამცველთან შეხვედრებისას 9 სოფლის დამაკავშირებელი ხიდის პრობლემაზე ისაუბრეს. „ხიდი ამორტიზირებულია და ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს, შესაბამისად, მასზე გადაადგილება საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია სწავლობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს ქართული ენის სწავლების ხარვეზები, რაც პირდაპირ არის კავშირში და ხელს უშლის ამ მოქალაქეთა სრულფასოვან ინტეგრაციას.
მოსახლეობას აწუხებს საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დაზიანებული გზის საფარის გამო შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები. ზოგიერთ სოფელში არ არის არც საბავშვო ბაღი და არც საჯარო სკოლა. დღემდე გაურკვეველია საძოვრების კუთვნილებისა და მოხმარების უფლების საკითხი.
სახალხო დამცველმა ასევე, დაათვალიერა დუზაგრამის საბავშვო ბაღი და მეჩეთსაც ეწვია.