სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები (NHRIs) არამდგრად პერიოდში: გამძლეობა და გამოწვევები“
2024 წლის 21-22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის ანაიტ მანასიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები (NHRIs) არამდგრად პერიოდში: გამძლეობა და გამოწვევები“.
ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნების ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების და თანასწორობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს NHRI-ების როლს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვისა და ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი, თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობის საქმეში; განიხილეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლებლობები - კრიზისულ სიტუაციებში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ასევე, ისაუბრეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
სესიებზე განხილვის საგანს წარმოადგენდა: ინსტიტუტების/NHRI-ების გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის სისტემაზე; ადამიანის უფლებათა შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები; საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და რეკომენდაციების ეფექტური განხორციელების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და მათ საჭიროებებზე სასწრაფო და დაუყოვნებელი რეაგირების მექანიზმებზე. ასევე, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის და თანასწორობის ორგანოების გაძლიერების აუცილებლობაზე.
კონფერენცია, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავის მიეძღვნა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.