სახალხო დამცველმა ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულა
2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს კლინიკის ფიზიკური გარემო, პაციენტთა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, ეზო, გაესაუბრნენ პაციენტებს, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს.
ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.