სახალხო დამცველის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID)
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მოლოდინს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება ხელს შეუწყობს იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხების განხილვისას სახალხო დამცველმა კანონთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინა და შეხვედრების მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაგზავნილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) გააცნო.
ისაუბრეს ასევე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და ცესკოს ერთობლივ განცხადებაზე, სადაც პოლიტიკოსებსა და მედიას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. სახალხო დამცველმა აღინიშნა, რომ ინსტიტუცია წლებია ყველა გადაცდომის ფაქტს სწავლობს და მომზადებულ დასკვნას ინტენსიურად აწვდის საზოგადოებას.
შეხვედრები გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს კურატორთან მონიკა იაკობსენთან, საერთაშორისო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ საქმეთა ბიუროს კურატორთან ბრენდონ იოდერთან და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს კურატორთან ჯოშუა ჰაკთან. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში ერინ ელიზაბეტ მაკისთან.