სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 6-8 მაისს ჟენევაში, (შვეიცარიაში) საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
6 მაისს თამარ გვარამაძემ მოხსენება წარადგინა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა დემოკრატიული სივრცის და უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებს. თამარ გვარამაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასა და გამოცდილებაზე, თუ როგორ ახორციელებს აპარატი შეკრების და გამოხატვის, გაერთიანების უფლებებზე და უფლებადამცველთა უფლებრივ მდგომარეობაზე მონიტორინგს. როგორია მისი გამოცდილება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით, თუ როგორ თანამშრომლობს აპარატი OSCE/ODIHR-თან, ევროკავშირსა და ევროპის საბჭოსთან, თუ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან.
7 მაისს თამარ გვარამაძემ მოხსენება წარადგინა GANHRI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ეხებოდა, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის და პრაქტიკის გაზიარებას. თამარ გვარამაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სახალხო დამცველის საუკეთესო პრაქტიკა ლტოლვილთა შესახებ გლობალური კომპაქტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების და მისი იმპლემენტაციის თაობაზე.
8 მაისს გაიმართა GANHRI-ის ყოველწლიური კონფერენცია ბიზნესის და ადამიანის უფლებების თაობაზე. სხვა მაღალი დონის მომხსენებელთან ერთად, კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი, რომელმაც მოუწოდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებს - უფრო აქტიურად იმუშავონ ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მესამე სესია, რომელიც ეძღვნებოდა ონლაინ სამოქალაქო სივრცის მონიტორინგს და დაცვას ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ, ტექნოლოგიების, კომპანიების ვალდებულებების და უფლებადამცველების დაცვის საჭიროებას.
ამავე ვიზიტის ფარგლებში თამარ გვარამაძემ და მარიამ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღეს GANHRI-ის ბიუროს და გენერალურ ასამბლეაში, ასევე დაესწრნენ ENNHRI-ს გენერალურ ასამბლეას.