სახალხო დამცველის მოადგილეები იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ
2021 წლის 21 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებს შეხვდნენ.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატსა და სამინისტროს შორის კომუნიკაცია გართულებული იყო და მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მინისტრს აპარატის მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
შეხვედრაზე განიხილეს პენიტენციური სისტემის ხარვეზები და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა, ისაუბრეს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების პრობლემებზე, უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზე.