ახალი ამბები

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N5 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით[1] შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

ჯგუფი დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით:

  • გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგიზ წულაძე - ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი
  • მარინე კურატაშვილი - ფსიქიატრი[2].

საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტი პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი და ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.[3]

ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 5 ვიზიტი განახორციელა მიხეილ სააკაშვილთან. კერძოდ, ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს - N12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვიზიტებისას ხდებოდა პაციენტ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვა, მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა და ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალთან გასაუბრება.

შესაბამისად, სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ხუთი დასკვნა, კერძოდ, 17.11.2021[4], 18.11.2021[5], 25.11.2021[6], 14.12.2021[7] და წინამდებარე - 19.01.2022 დასკვნა.[8]

2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა).

2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით სამჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021 და 11.01.2022). შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ კვების აღდგენის (რეფიდინგის) პროცესში მიღწეული დადებითი შედეგების (სასიცოცხლო რისკების მოხსნა) შემდეგ, ამ უკანასკნელი სამი ვიზიტისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა, თუმცა, არც გაუარესება დაფიქსირებულა. პაციენტის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი კვლავ არსებით პრობლემად რჩება.

11 იანვრის ვიზიტის შედეგები:

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ და გიორგი გრიგოლიამ. ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო ექსპერტმა მარინე კურატაშვილმა, გიორგი კაჭარავამ და გიორგი პაპიაშვილმა.

I. პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება

პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა.

II. ძირითადი საყურადღებო საკითხები

ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრო­ბლე­მები:

  • ვერნიკეს ენცეფალოპათიის შედეგები - ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზო­გადი სისუსტე, კიდურებზე მგრძნობელობის გაუარესება;
  • ანემია;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესია (აღნიშნული შეფასდა 12 დეკემბრის ვიზიტისას, რის შემდეგაც პაციენტს ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ ჩატარებია, თუმცა, უტარდება მხოლოდ ფარმაკოლოგიური მკურნალობა)[9].

სომატური თვალსაზრისით პაციენტის ფარმაკოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს და მეტნაკლებად დამა­კმა­­ყოფილებელია.

დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის პირველი რიგის მიდგომაა ფსიქოთერაპია, რაც პაციენტს არ უტარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 2021 წლის 25 ნოემბრის დასკვნით გასცა. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არსებულ პირობებში (იგულისხმება როგორც საპატიმროს სპეციფიკა, ასევე კონკრეტული პაციენტის პატიმრობის კონტექსტი) სრულყოფილი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალისტურია.

მიუხედავად მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციისა, იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც საჭიროებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას, სამწუხაროდ, ეს მკურნალობა არ ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ჯგუფი ამ ეტაპზე ვერ აიდენტიფიცირებს სხვა სამედიცინო საშუალებებს, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება, გარდა ჩვენ მიერ მანამდე და წინამდებარე დასკვნაში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა. ხსენებული ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება, კერძოდ, სტრესული აშლილობისა და დეპრესიის გაღრმავება.

გახანგრძლივებული ნევოლოგიური სიმპტომატიკა თიამინის (ვიტამინი B1) დეფიციტის ფონზე განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის და ნეიროპათიის შედეგია.

III. რეკომენდაციები:

პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • ფსიქოთერაპია - რაც დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის პირველი რიგის მიდგომაა, და სავარაუდოდ ხელს შეუწყობს ადეკვატური კვების რეჟიმის განახლებას;
  • ფიზიკური რეაბილიტაცია;
  • დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, რეკომენდირებულია თავის MRT კვლევა;
  • ნევროლოგიური მო­ნი­ტორირება და პროგრესირების შემთხვევაში ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევის ჩატარება.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

/გიორგი გრიგოლია/

/გრიგოლი ხურციძე/

/გიორგი კაჭარავა/

/გიორგი პაპიაშვილი/

/აიდა გოზალოვა/

/თენგიზ წულაძე/

/ნინო ზავრაშვილი/

/ მარინე კურატაშვილი/


[1] იხ. < shorturl.at/enpzX >

[2] ფსიქიატრი მარინე კურატაშვილის ჯგუფის შემადგენლობას დაემატა 2021 წლის 10 დეკემბერს, სახალხო დამცველის N 175 ბრძანებით.

[3] იხ. < shorturl.at/duwLV>

[4] იხ. < shorturl.at/fjzIX >

[5]იხ. < https://cutt.ly/hIWRBgU >

[6] იხ. < https://cutt.ly/EIWRMCP >

[7]იხ. < https://cutt.ly/oIWR9Y9 >

[8] დასკვნების დანართები არ არის საჯარო.

[9] 2022 წლის 11 იანვრის ვიზიტში სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ფსიქიატრმა მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)