სახალხო დამცველის განცხადება უკრაინის ომბუდსმენისთვის საზღვარზე დაბრკოლების შექმნასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია 2021 წლის 26 ოქტომბერს უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვასთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტთან დაკავშირებით.
ლუდმილა დენისოვას განცხადებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა დეტალურად ინფორმაცია მისი ვინაობისა და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარდგენილ იქნა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და არ განუმარტეს აღნიშნულის მიზეზი. იგი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს, რაც ზემდგომი პირებისგან მიიღეს თანხმობა მესაზღვრეებმა. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველისა და მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.
მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი უთითებს, რომ მათთვის არ განუმარტავთ აღნიშნულის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას.