სახალხო დამცველის განცხადება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.
კანონპროექტის არსი
ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: 1) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, 2) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, 3) მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება, 4) დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვა, თუ მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება, 5) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცვლილებებით შემოთავაზებული თითოეული ეს საფუძველი არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად. კერძოდ,
1. „საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს“
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოს, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“, თუმცა მის სრულყოფილად აღსანიშნავად უფრო ტერმინი „განსაზღვრულობის პრინციპია“ შესატყვისი. აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული, არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები.[1]
შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციით დაცულ უფლებებში ჩარევის მართლზომიერებისთვის არ კმარა, სახეზე იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძველი და ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს. დამატებით, საჭიროა, შემზღუდველი ზომის გამოყენება აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.[2] ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უფლებაშემზღუდველი ნორმა კონსტიტუციის შეუსაბამო მაშინ ხდება, როდესაც ის მიზნის მიღწევის არათანაზომად, არაგონივრულად მკაცრ ან/და უვარგის საშუალებას წარმოადგენს.[3]
თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებასაც.[4]
პროექტში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ და როგორ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს შეკრება მანიფესტაციის მიმდინარეობისას ზოგადად დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) განთავსება შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეებს ან/და მესამე პირებს. ამასთან, გაუგებარია რატომ არ არის საკმარისი დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეების ან/და მესამე პირების საფრთხისგან დასაცავად. კანონპროექტი მიზნად ისახავს დაიცვას შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეები/მესამე პირები „საფრთხისგან“, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამგვარი „საფრთხე“, მაშინ როცა უკვე არსებული რეგულირებით ამ მომენტისთვისაც აკრძალულია შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს გარკვეული ნივთების ფლობის აკრძალვას. კერძოდ, დღეს არსებული რეგულირებით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი; ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით; გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება; დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები; ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.
წარმოდგენილი კანონპროექტში არ ჩანს, რატომ არ არის საკმარისი მოქმედი კანონმდებლობით უკვე დადგენილი აკრძალვები შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეების ან/და მესამე პირების საფრთხისგან დასაცავად. ამასთან, ნორმის შინაარსი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს.
2. „იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას“
წარმოდგენილი პროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას.
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. კანონი დამატებით დათქმას აკეთებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. კანონით დაწესებულია სპეციალური რეგულირება სასამართლოს მიმდებარედ შეკრება-მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებითაც.
კანონპროექტით არ არის დასაბუთებული რატომ არის აუცილებელი ზემოაღნიშნული შეზღუდვის შემოღება ან/და რა ლეგიტიმურ მიზანს ისახავს ზემოაღნიშნული ცვლილებები. ამასთან, მუხლის ფორმულირება იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და არ არის განჭვრეტადი. კერძოდ, „დაწესებულების“, „საწარმოს“ ან/და „ორგანიზაციის“ შენობების შესასვლელების ბლოკირება არსებული კანონით აკრძალულია. ამასთან, კანონი აწესებს ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოების, ხოლო მეორე მხრივ, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილე პირთა ინტერესების დაცვის მექანიზმს. რაც გულისხმობს, რომ მართალია, ორგანოს „შეუფერხებელი საქმიანობის“ გაგრძელება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ აღნიშნულმა არ შეიძლება შეზღუდოს შეკრება/მანიფესტაციის უფლების არსი. სწორედ ამიტომ, კანონით, შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბუნებრივია, საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა გამოიწვიოს, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს.[5]
3. დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შეზღუდვა, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება
აღნიშნული დათქმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შეკრების და გამოხატვის უფლებასთან. პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არჩევანის შესაძლებლობას, პირმა ისარგებლოს გამოხატვის საშუალებათა ფართო წრიდან მისთვის ყველაზე მისაღები ფორმით.[6] შესაბამისად, ფორმას ირჩევს შეკრების მონაწილე და დაუშვებელია სახელმწიფომ პირებს შინაარსობრივად განუსაზღვროს შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში რა საგანი, ნივთი, კონსტრუქცია, ნახატი, წარწერა თუ სკულპტურა არის დაკავშირებული გამოხატულ პროტესტთან ან/და სოლიდარობასთან.
4.დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვა, თუ მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
წარმოდგენილი პროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა, მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. სახალხო დამცველის შეფასებით, თუკი არსებობს ამდაგვარი დამატებითი რეგულაციების შემოღების აუცილებლობა, რაც არ უკავშირდება შეკრებას ან მანიფესტაციას, აღნიშნული ცვლილებები უნდა შევიდეს რელევანტურ კანონმდებლობაში და არა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. რამეთუ ამ კანონის მიზანი შეკრების კონსტიტუციურად აღიარებული უფლების განხორციელების წესის დადგენაა და ისეთი საკითხების რეგულირება, რაც არ უკავშირდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, მის ფარგლებში არ ექცევა.
5. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მოწყობა: ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის [...] კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
შესაბამისად, თუკი კონკრეტული პირები ინდივიდუალურ შემთხვევაში მოქმედებით, წინააღმდეგობით, დროებითი კონსტრუქციების გამოყენებითა თუ აგებით, ხელს უშლიან „პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“, ეროვნული კანონმდებლობა („პოლიციის შესახებ“ კანონი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“) ითვალისწინებს ხსენებულ ინდივიდუალურ ქცევაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების ბერკეტებს. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტით შემოთავაზებული ეს უკანასკნელი საფუძველი ისედაც რეგულირებულია დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მისი დამატებით დადგენის საჭიროება არ არსებობს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს შეფასებები და დაიცვას შეკრება - მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციური სტანდარტი.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 36
[2] „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ნაწილი 3; საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17, პუნქტი 5.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 40
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II,29
[5] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Oya Ataman v. Turkey, პარ. 39-42.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილება საქმეზე ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,II,34