სახალხო დამცველის განცხადება მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.
ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანზე, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პირველადი კომუნიკაციის თანახმად, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის ბრალდებით.
იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.