ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი უკვე მეორედ გახდა ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) ბიუროს წევრი

2022 წლის 19-21 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქეთევან სოხაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) 26-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ზედიზედ უკვე მეორედ აირჩიეს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) ბიუროს წევრად. ბიუროში სახალხო დამცველს ერთი წლის ვადით ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან სოხაძე წარადგენს. ამასთან, ქეთევან სოხაძე აირჩიეს ქსელის ბავშვთა დაცვის ოფიცრად, რაც გულისხმობს, რომ იგი ქსელის ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ ბავშვთა დაცვის გამოწვევებზე საკონტაქტო პირი იქნება.

ქსელის წევრობას და განსაკუთრებით, ბიუროს მუშაობაში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის.

ENOC-ის მისიაა ბავშვის უფლებების დაცვა და მათი ყოველმხრივი ხელშეწყობის რეალიზება, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციასთან და მის დამატებით ოქმებთან შესაბამისობაში, მის წევრთა და დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების განვითარების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების, ადვოკატირებისა და ურთიერთდახმარების ხელშეწყობის გზით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)