სახალხო დამცველი ტელეკომპანია პირველის ოპერატორის გარდაცვალებას გამოეხმაურა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სახალხო დამცველი ტელეკომპანია პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო, პოლიტიკოსების და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას აყენებს. „ეს ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას, მათ შორის, არაერთი საჯარო შეკრების ადგილზე. ღიად მოუწოდებდნენ მომხრეებს განსხვავებული ადამიანებისადმი ძალადობისაკენ. შესაბამისად, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა წინაპირობა და სრული ინფორმაცია, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები არიან კარგად ორგანიზებულები. მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.
რა თქმა უნდა, ყველას გვსურს დროულად ვიხილოთ ექსპერტიზის შედეგები, მაგრამ ის რაც ვნახეთ, იყო არაადამიანური დამოკიდებულება და უპატივცემულობა გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. შესაძლებელი იყო, უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი.
მე ნამდვილად არ ვიცი ლექსოს გარდაცვალების მიზეზი და წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი ამ აქციის ორგანიზატორთა მხრიდან და სისტემის მხრიდან არის განწირული და მოკლული, იმიტომ რომ ის იმ დღეს გაიმეტეს სასიკვდილოდ, სასწაულებრივად გადარჩა და შემდეგ დაიღუპა“, - განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა სახალხო დამცველმა.