სახალხო დამცველი საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარს, ღირს მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტოლერანტული კულტურის ტრადიციებზე და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეთა საუკუნოვან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, არქიმანდრიტმა კირაკოსმა საქართველოს სომხური ეკლესიის კულტურული და აღმზრდელობითი საქმიანობა მიმოიხილა.
ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას თავიანთი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად უქმე დღეებით სარგებლობის უფლებას მიანიჭებს.
ასევე ისაუბრეს გასაბჭოების პერიოდში საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისთვის ჩამორთმეული სადავო ეკლესიების საკითხზე, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი წლებია აღნიშნავს საპარლამენტო ანგარიშებში.
მხარეებმა ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.