სახალხო დამცველი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ პროტესტს ეხმიანება
რამდენიმე კვირაა რიონის ხეობის მაცხოვრებლები ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას სხვადასხვა გზით აპროტესტებენ; ადგილზე მორიგეობაც კი დააწესეს[1]. 14 ნოემბერს სოფელ ჟონეთში გამართული აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს სამანქანო გზიდან, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.[2] მანამდე რამდენიმე საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გაიმართა.[3] აქტივისტებმა პეტიცია შეადგინეს რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით.[4] სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს სასამართლო დავა პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით.[5] საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შექმნილი კრიზისული ვითარება სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ჰიდროელექტროსადგურის პროექტია, რომელიც წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე ორი ჰესის მშენებლობას მოიცავს.[6]
მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს უმთავრესად, აღნიშნული პროექტის განხორიცელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს,[7] რაც საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს იწვევს; კრიტიკის საგანია გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის გამოკვლევის საფუძვლიანობა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას განსახორციელებელი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა; პრობლემურად წარიმართა ასევე, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.[8]
საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა სამწუხაროა, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.[9] რასაც სახალხო დამცველი უკანასკნელი წლებია აქტიურად ითხოვს. ამასთან, არ შესწავლილა და გაანალიზებულა ერთობლიობაში უკვე გაწეული საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, პროექტების ხარჯ-სარგებლიანობა. ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ინდივიდუალურ პროექტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები სისტემური და განგრძობითია.
სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი ზედამხედველობა ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს.[10] აქტუალობას არ კარგავს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებისა და ჩატარებული კვლევების ხარისხის მიმართ უნდობლობა, საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების უგულებელყოფის, ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობის პრობლემა, პროექტების სარგებლიანობის მიმართ არსებული საფუძვლიანი ეჭვები. სწორედ, დასახელებულმა პრობლემებმა ფუნდამენტურად გაუმჯობესებული ეროვნული კანონმდებლობის მიუხედავად, ერთობლიობაში და განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი წინამდებარე პროექტთან მიმართებითაც.
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება, ასევე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებებია.[11] როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სტანდარტები[12] გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე ჩართულობის მაღალ გარანტიებს განამტკიცებს. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების რეალური ჩართულობა, მათი მოსაზრებების, შენიშვნებისა და საჭიროებების გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურად გათვალისწინებას გულისხმობს და პროცედურული მოთხოვნების ფორმალური აღსრულება დასახელებული სტანდარტის დაკმაყოფილებად ვერ იქნება მიჩნეული. წინამდებარე შემთხვევაშიც, დარგის სპეციალისტების კრიტიკულმა შეფასებებმა, მოსახლეობის უწყვეტმა პროტესტმა და არსებულმა კრიზისულმა ვითარებამ ცხადყო, რომ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე პროექტის განმახორციელებელი კომპანიისგან ამ დრომდე გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევა და არაერთი კითხვა პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან თუ მის სარგებლიანობასთან მიმართებით კვლავ პასუხგაუცემელია.
ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს:
- გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით და არ დაუშვან პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის გარეშე
- მიაწოდონ ფართო საზოგადოებას დეტალური და დასაბუთებული ინფორმაცია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტების ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებლიანობასთან დაკავშირებით
- დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობით პოლიტიკის დოკუმენტების შესაქმნელად.
[1] ბმული იხ. <https://cutt.ly/Og3WudP>.
[2] ბმული იხ. <https://publika.ge/gvaqvsdazianebebi/>.
[3] ბმული იხ. <https://netgazeti.ge/news/462709/>, <https://netgazeti.ge/news/469343/>
[4] ბმული იხ. <https://manifest.ge/main/item/3107>.
[5] ბმული იხ. <https://cutt.ly/kg3Wi0e>.
[6] ტვიში ჰესისა (100 მგვტ დადგმული სიმძლავრით) და ნამახვანი-ჟონეთის ჰესის (333 მგვტ დადგმული სიმძლავრით); პროექტში ფარგლებში გათვალისწინებულია 4 400 მეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა, რომელშიც მდინარე რიონი მოექცევა, ასევე, დაიტბორება რამდენიმე ასეული ჰექტარი, ფიზიკურ განსახლებას ექვემდებარება დაახლოებით 100 ოჯახი, ეკონომიკური განსახლების ზემოქმედება შეეხება 197 ოჯახს, იხ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, <https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17104>, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 28/02/2020 <<https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFle/28460>,
[7] ბმული იხ. <https://www.youtube.com/watch?v=e-obt2C4e6E>, <https://cutt.ly/ug3Wwbb>; <https://cutt.ly/7g3WqYJ>; <https://cutt.ly/Sg3WeA1>; <https://cutt.ly/cg3WhT7>; <https://cutt.ly/Og3Wgie>; <https://cutt.ly/Bg3CJb2>, <https://cutt.ly/Qg3Vm07>.
[8] ბმული იხ. <https://cutt.ly/9g3WtkD>.
[9] შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები ასევე, უნდა პასუხობდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებისა და „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილების მოთხოვნებს.
[10] ვრცლად იხ. http://www.ombudsman.ge/res/docs/2019042620571319466.pdf გვ:177-დან.
[11] საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი.
[12] „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია; ევროკავშირის 2003 წლის 28 იანვრის 2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ; 2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/35/EC დირექტივა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ; საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი.