სახალხო დამცველი კაბალის, უზუნთალასა და ბაისუბნის მოსახლეობას შეხვდა
2024 წლის 12 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ეწვია და სამი სოფლის, კაბალის, უზუნთალასა და ბაისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
სახალხო დამცველმა ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობისთვის აქტუალური საკითხები მოისმინა და მათ სახალხო დამცველის საქმიანობასა და საპარლამენტო ანგარიშში დასმულ საკითხებზე ესაუბრა. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ნიშნობაზე და აღნიშნა, რომ ამ გამოწვევის საპასუხოდ სისტემური მიდგომაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან.
მოსახლეობამ, ძირითადად, ისაუბრა საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტუქტურის მოწესრიგების საჭიროებაზე, ასევე საბავშვო ბაღების სიმცირესა და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. გარდა ამისა, ხაზი გაუსვეს სოფლისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის სპორტული და კულტურული ობიექტების განვითარებისა და ამ კუთხით დაფინანსების ზრდის აუცილებლობას.
ბაისუბანში სახალხო დამცველი ახალგაზრდებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, განათლების უფლებაზე, ბავშვის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე ესაუბრა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.
სახალხო დამცველი მუდმივად ხვდება საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებლებს, ეცნობა მათ უფლებრივ მდგომარეობას და ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს.