სახალხო დამცველი არასრულწლოვანის ნიშნობის ვიდეოს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, 2021 წლის 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობა. საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რის შესახებაც დაუყოვნებლივ მოხდა სამართლდამცავი უწყების ინფორმირება.
სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.