სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს. მათ შორის, ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე, მათი განხილვის პერსპექტივაზე და აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის საკითხზე. ამასთან, ელჩი დაინტერესდა კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავთა ქმედებების პროპორციულობით, დაკავებული პირების მდგომარეობით და გამოძიების მიმდინარეობის პროცესით. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და სახალხო დამცველის მანდატზე საარჩევნო პროცესებში ჩართულობის კუთხით.
შეხვედრაზე ასევე აშშ-ს საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმდინარე პროექტი განიხილეს.
ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლება და ამერიკელი ხალხი მუდმივად უწევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად.