საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა
2022 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
„დღევანდელი ანგარიშით მე ბოლოჯერ, მეხუთეჯერ წარვდგები პარლამენტის წინაშე და ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიშიც იქნება ეს განვლილი 5 წლიანი პერიოდის, თუ როგორ ვითარებაში უწევდა სახალხო დამცველს კონსტიტუციური მანდატის განხორციელება. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დღეს 7 ოქტომბერია, 2022 წელი იწურება და პარლამენტი მხოლოდ ახლა განიხილავს 2021 წლის უფლებების მდგომარეობას, რაც ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს დაგვიანებულია იმ საკითხების სიმწვავიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია ანგარიშში.
წარმოდგენილია თითქმის 400 გვერდიანი ანგარიში, რომელიც ეფუძნება გასული წლის განმავლობაში აპარატში შემოსული 5000 მდე განცხადების, 11 100 ზე მეტ სატელეფონო შეტყობინების შესწავლას და აპარატის მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებში და სხვა უწყებებში განხორციელებულ 100-ობით მონიტორინგის ვიზიტის შედეგებს.
მთავარი ჩემი სათქმელი დღეს ალბათ გახლავთ ის, რომ 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ვფიქრობ, რომ აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ არის საკმარისად ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დადგენილებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი მაღალია, რაც მისასალმებელია და ამას ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე, კვლავ ძალიან დაბალია პარლამენტის მიერ შესაბამისი უწყებების მიმართ შესასრულებლად სავალდებულოდ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა. სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტის დადგენილებით 2021 წელს გაცემული დავალებების 16.1% შესრულებულია; ნაწილობრივ შესრულდა 18 % და შეუსრულებლად ფასდება დავალებების 63.1%.
უფრო მეტიც, 2021 წელს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.
2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, 4 დღის ვადაში, დაჩქარებული წესით, დაინტერესებული ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმირების გარეშე, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო.
ასევე, გასული წლის დეკემბრის მიწურულს, პარალელურად, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც გააუარესა საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობა.
გასულ წელს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირის, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად მაინც გააგრძელა. მართლმსაჯულების სფეროში შეუსრულებელი ვალდებულების გამო 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირმა დამატებითი 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება არ გადმოურიცხა საქართველოს. თუმცა, ფინანსური ნაწილზე მეტად, აქ საყურადღებოა ის, რომ განუხორციელებელი რეფორმების გამო სერიოზული ზიანი მიადგა ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნა და საკითხია. და მართლაც, როგორც მოგვიანებით, 2022 წლის გაზაფხულზე ვნახეთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ერთ ერთი მიზეზი სწორედ განუხორციელებელი სასამართლო რეფორმა იყო.
გასულ წელს სახალხო დამცველი მუდმივად იყო ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიის, პოლიტიკური თავდასხმებისა და მუქარის სამიზნე მმართველი პარტიის ლიდერების თუ წარმომადგენლების, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული და აფილირებული პირებისა და მედია საშუალებების მხრიდან. ასევე, აპარატის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ ორგანიზებული სიტყვიერი თავდასხმის და მუქარის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. ჩვენ გავეცანით თავდასხმის ერთ-ერთ დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის. 2021 წელს, CPT-ს საგანგებო ვიზიტის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და აღარ ჰქონია ადგილი აპარატის წარმომადგენლებზე თავდასხმას.
ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საქართველოს პროკურატურაა. პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის შეფასებით პროკურატურის მიერ წარმოებული თუ მისი საპროცესო ზედამხედველობით ჩატარებულ არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა პოლიტიკური მდგენელი, ან მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. მაგალითად, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის აშკარა პოლიტიკური ელფერისა და საქმეში გამოკვეთილი მძიმე სამართლებრივი ხარვეზების გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ წარმოებულ ე.წ. კარტოგრაფების საქმეს გააჩნია პოლიტიკური ან სხვა უკანონო მოტივი. ასევე, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკოსების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ „ფულის გათეთრების“ ბრალდებით საქმის წარმოება სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო.. არაეფექტური გამოძიების მაგალითია, 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების არასათანადო გამოძიება. ასევე, ეფექტური საპროცესო ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებაზე.
არაეფექტური გამოძიების და სს დევნის კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარნეულის ყოფილი მერის, არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულის, თემურ აბაზოვის საქმე, ასევე ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებები, სადაც პროკურატურის ქმედებების შედეგად პირთა მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგა.
სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა დავადგინეთ ნიკა გვარამიას საქმეში.
კიდევ ერთხელ მიწევს აღნიშვნა რომ სამწუხაროდ ხორავას ქუჩის საქმეზე სამსახურებრივი მოკვლევა კვლავ არ დასრულებულა პროკურატურაში, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ვფიქრობთ, რომ გამოძიება არ იყო ყოვლისმომცველი და ეფექტური, რაზეც რეკომენდაციითაც მივმართეთ პროკურატურას გამოძიების განახლების თხოვნით. კვლავ არაერთი ჩვენი წინადადება რჩება შეუსრულებელი 2019 წლის 20 ივნისის საქმის სათანადოდ გამოძიებაზე.
2021 წელს მოხდა 5 ივლისი, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე, როდესაც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ფაქტიურად არ ფუნქციონირებდა... ახლა მინდა წაგიკითხოთ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა განცხადებები, რომლებსაც ისინი 19 ივნისს, 21 და 23 ივნისს ტელევიზიის ეთერით აკეთებდნენ (ბოდიშს ვიხდი, რომ ამ ტრიბუნიდან მიწევს მათი გამეორება, მაგრამ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია იცოდეთ). ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები უთითებდნენ მობილურის ნომერს ეკრანზე და მოუწოდებდნენ მაყურებელს გააგზავნონ აღნიშნულ ნომერზე სმს შეტყობინება საორგანიზაციო ჯგუფებში რეგისტრირების მიზნით; ასევე, აფრთხილებდნენ, რომ მზად უნდა ყოფილიყვნენ ციხეში წასასვლელად, რადგან უნდა ეძალადათ. კერძოდ აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ციტატა „ძალადობას არათუ ვემიჯნები, ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, გავიდეთ და ვიძალადოთ“, „ძალადობას ვინც ემიჯნება, ის არის არაადამიანი“, „ვინც გამიჯვნას აპირებს ძალადობისგან ეს ხალხი ჩვენთან არ არის“, „2013 კი არა, ამათ უნდა მოვუწყოთ 2013 კვადრატში“ ; ტელეწამყვანები მიანიშნებდნენ, რომ 5 ივლისს ძალადობა მისაღები იყო ჟურნალისტების მიმართაც - „ხომ არ არის დასაშვები ასეთი ჟურნალისტების წიხლის ქვეშ გაგდება?“; „ხომ არ არის ამათი სახით ასფალტზე თრევა სწორი?“. და ა.შ. 5
საჯაროდაა ასევე ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 5 ივლისს ეს პირები მითითებებს აძლევდნენ მოქალაქეებს გადაადგილების და მოქმედებების, - „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“ - აქციაზე მყოფ არც ამ განცხადების ავტორს არა არ აქვს ბრალი წარდგენილი ძალადობის წახალისებისთვის.
მინდა დავსვა შეკითხვები, ვიცი, რომ ბევრი იურისტი ბრძანდებით პარლამენტში, არის თუ არა სახეზე სულ მცირე ბრალის წარდგენის ანუ დასაბუთებული ვარაუდის, სტანდარტი ამ პირების მიმართ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისთვის? ასეთი წინასწარ გაჟღერებული საჯარო და არაერთგზისი მუქარების შემდგომ, რატომ არ იყო სათანადო რაოდენობის სამართალდამცავები მობილიზებულები ადგილზე? როგორ მიეცა მათ უფლება, ეძალადათ?
მართალია ცალკეული პირები მიეცნენ პასუხისგებაში ძალადობის ფაქტებზე, მონაწილეობისთვის მაგრამ არავინ ორგანიზებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა იყო დაანონსებული და ორგანიზებული, და ეს კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი სამართალდამცავი უწყებებისა და უსაფრთხოების სამსახურისთვის, 5 ივლისის ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების, ლგბტ+ თემის, მათი აქტივისტებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.
ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების მომძლავრების, წახალისების და მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ხელის დაფარების პარალელურად, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება.
კერძოდ, შეინიშნება ტენდენცია, რომ უფრო მეტად მცირდება გამოხატვის თავისუფლების სივრცე. ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოში უწევთ საქმიანობა. 2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დაუშვებლობა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.
გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები შეკრებების მართვისა და დაშლის შემთხვევაში ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას, აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას, რაც ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და იღებდა შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს. შეკრებების დროს უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარებისთვის კვლავ გამოიყენებოდა დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ამ მანკიერი პრაქტიკის გამოყენება საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენჯერმე დაანონსებული რეფორმის ჩავარდნის მიზეზი ადამიანის უფლებების სტანდარტების შეუსაბამო მექანიზმების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებაა, რაც სამართალდამცავ ორგანოებს, ისევე როგორც სასამართლოს უმარტივებს ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების გვერდის ავლით მიიღონ შეკრების მონაწილეთა მიმართ უფლება შემლახავი გადაწყვეტილებები.
საგანგაშო იყო 13 სექტემბერს მოქალაქეების - სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების მიმართ თვალთვალის და მიყურადების მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვა. გავრცელებული ფაილები შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებულ აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემს. გარდა ამისა, მასალები სავარაუდოდ შეიცავს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, დანაშაულის სავარაუდო შეუტყობინებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.
სავარაუდოდ უკანონო და ფართომასშტაბიანი მიყურადება-თვალთვალი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის საფრთხეებს აჩენს. 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაციები, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენდა, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების მასალები წინასაარჩევნოდ უკანონო ზეგავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ უკანონო მოსმენებზე ეფექტური ინსტიტუციური ზედამხედველობა და კონტროლი არ საქართველოში არ ხორციელდება, რაზეც 4 წელზე მეტია საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ გამოუტანია.
ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება საარჩევნო უფლების რეალიზაციაზეც აისახა. 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი უძღოდა წინ და წინასაარჩევნო პერიოდმა და კენჭისყრის დღეებმა (I და II ტურმა) დაძაბულ გარემოში ჩაიარა. ამ პერიოდში გამოიკვეთა უკანონოდ, დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების 69 ფაქტი, ასევე, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების, უკანონო დამუშავების ფაქტები. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.
პენიტენციური სისტემა: სამწუხაროდ, პენიტენციური სისტემაში, განსაკუთრებით ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც პატიმართა საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარია მოთავსებული, კრიმინალური სუბკულტურის მნიშვნელოვანი გავლენა შეინიშნება. კრიმინალური სუბკულტურა იწვევს პატიმართა შორის ძალადობას, გასულ წელს ადგილი ჰქონდა პატიმართა შორის ძალადობის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებებს და პატიმრის მკვლელობის მცდელობას და 1 შემთხვევაში მკვლელობითაც დასრულდა. ძალადობის მსხვერპლი პატიმრები ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან მიღებული დაზიანებების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე არ საუბრობენ. აღნიშნული დაადასტურა სპტს საგანგებო მისიამაც. ე.წ. ციხის კრიმინალური სუბკულტურას საქართველოში ძლიერი ფესვები აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ამიტომ მასთან ბრძოლას, სისტემური მიდგომა, ციხის ინფრასტრუქტურის ცვლილება, ციხის თანამშრომელთა გადამზადება, და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა სჭირდება.
მინდა პატიმრების ყველაზე დიდ პრობლემაზე - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ვისაუბრო. ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. არავინ იცის ერთი პატიმარი რატომ გათავისუფლდა, მაშინ როცა იდენტური მოცემულობის საქმეებში ზოგიერთი პატიმრის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვება ნათლად გვაჩვენებს რომ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს. პატიმრებს არ აქვს მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი უმწიკვლო ქცევა მათ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას უზრუნველყოფს, რაც სასჯელის მიზნის - რესოციალიზაციისთვის აუცილებელია.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც აღწერილი იყო სქემა და მოყვანილი იყო კომუნიკაციის შემცველი ელექტრონული დოკუმენტები, რომლის შინაარსიც შეეხებოდა 2018 წლის არჩევნებისთვის მსჯავრდებულების პვგ, თუ პირობითი მსჯავრის გაუქმების სანაცვლოდ პატიმართა ოჯახების თუ გულშემატკივრების მხრიდან საარჩევნოდ ხმების მობილიზაციას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ობიექტურ და ეფექტურ გამოძიებას, ვინაიდან, სახალხო დამცველსაც მიუღია მსგავსი სქემისა თუ შეთავაზებების თაობაზე ინფორმაცია პატიმრებისგან; ასევე, ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნულ დოკუმენტაციებში მოცემული რამდენიმე პატიმრის ისტორია და მართლაც მოხდა ანგარიშში მითითებული რამდენიმე პირის გათავისუფლება ციხიდან.
2021 წელს სახალხო დამცველის აპარატში 36 განცხადება/საჩივარი შემოვიდა, სადაც განმცხადებლები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზეც მიუთითებდნენ.
პატიმრები ასევე საუბრობენ გაჭიანურებულ სამედიცინო მომსახურებაზე. გასულ წელს ჩვენ შევისწავლეთ ერთ-ერთი საქმე, სადაც, პატიმრისთვის განსაზღვრული დაჩქარებული წესით (2-5 დღეში) ჩასატარებელი ოპერაციული მკურნალობა დაახლოებით 7 თვით დაგვიანდა, რასაც ქალი პატიმრის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, რამდენად მოახდინა გავლენა სასჯელის მოხდის პერიოდში პატიმრისთვის არასათანადო და დაგვიანებულმა მკურნალობამ მის გარდაცვალებაზე და რა იყო მკურნალობის ხარვეზების მიზეზი.
ცალკე მინდა გამოვყო მიხეილ სააკაშვილის საქმე. - არაერთი ისეთი განცხადება კეთდებოდა, რომელიც პატიმრის მიერ შიმშილობის დამძიმებას იწვევდა; საგულისხმოა, რომ 2021 და წინა რამდენიმე წლის განმავლობაში, No12 პენიტენციური დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, No18 დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ. მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, სააკაშვილის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი, სამწუხაროდ, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩა; სახალხო დამცველის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის No18 დაწესებულებაში შესახლების ამსახველი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელი კადრების გავრცელებით დაირღვა მისი პატივისა და ღირსების უფლება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღემდე იძიებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ყოფა ხშირად უტოლდება არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას. პაციენტები,, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ და ხშირად ხანგრძლივად, მთელ ცხოვრებასაც კი ატარებენ დიდი ზომის ინსტიტუციებში, რაც არ შეესაბამება თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მიდგომას. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალი მათ უყვირის, აგრესიულად ესაუბრება და ფიზიკური შეზღუდვით ან იზოლაციით ემუქრება. პაციენტები ასევე საუბრობდნენ ცემაზე. სომატური ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ან მათზე შეზღუდული წვდომა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზიც ხდება.
გასულ წელს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემური დარღვევები, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, ბავშვების მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვნად ფერხდებოდა მონიტორინგი ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვანების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდიდა პანსიონებში ისედაც არსებული მაღალი ინსტიტუციური ძალადობის რისკს, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ პანსიონებში მოთავსებული ბავშვების უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებებს და სოციალურ სამსახურს, როგორც აღმოჩნდა ჰქონდა ინფორმაცია და საჩივრები ბავშვთა მიმართ შესაძლო ძალადობრივ ქმედებებზე. მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზები გამოვლინდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2016 წელს დაიწყო, გამოძიება დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა. მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის 2021 წლის რეკომენდაციის და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაიწყო სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
წინა წლების მსგავსად, ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების, ფემიციდის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება. 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის, ხოლო ქალის მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტი გამოვლინდა. წელსაც არაერთი შემთხვევა მოხდა. აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომას მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ახლახან შექმნა თემატური სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხებზე.
საქართველოში 2021 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რიცხვი გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობრივი მაჩვენებელი იყო 235252, როცა 2020 წელს აღნიშნული რიცხვი 186131-ს შეადგენდა. ბავშვთა სიღარიბე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიმდინარე წელსაც და რისკის ქვეშ დგას ბავშვების სიცოცხლე და განვითარება, რასაც განაპირობებს ოჯახის გაძლიერების, ბავშვზე ზრუნვის სერვისებისა და პროგრამების უკიდურესი სიმცირე და არაეფექტურობა. ალბათ ყველამ ნახეთ ბორჯომის საავადმყოფოში შიმშილის და ცხოვრების მძიმე პირობების გამო მოხვედრილი ბავშვი, რომელიც ჩემზე კარგად აღწერს იმას, რაზეც ვსაუბრობ.
საანგარიშო პერიოდში მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და საჭიროებებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას.
პრობლემად რჩება შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დაცვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გამოყენება დამსაქმებლების მიერ. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 (მამაკაცი) და დაშავდა 253 პირი (37 ქალი და 216 მამაკაცი). 2021 წელს დაღუპულთა და დაშავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, 2020 წლის მსგავსად, სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერის დამუშავების და საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის სფეროზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია და 2020 წელთან შედარებით 13%-ით, 2019 წელთან შედარებით - 24%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით - 42%-ით არის შემცირებული.
სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და ჩარჩო კანონმდებლობა. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები. თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული სტანდარტი და მიდგომა აქვს. დადებითად უნდა აღინიშნოს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრისის სერვისით დაკმაყოფილების წესი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, გამონაკლისია.
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან ბევრად ნაკლები დევნილი ოჯახი განსახლდა. დღემდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები, სახელმწიფო არ ახორციელებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების მდგრადობის შემოწმებას თავისი ინიციატივით და შემოწმება ხორციელდება მხოლოდ დევნილთა წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
უნდა აღინიშნოს, რომ უფასო სასადილოების პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანი სერვისია სათანადო კვების უფლების რეალიზებისათვის. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში სანიტარულ-ჰიგიენურ თვალსაზრისით მდგომარეობა სავალალოა. სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხაერთ ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე (მაგალითად, ბორჯომში - 2.47 ლარია, ქუთაისში - 2.50 ლარი, ახალციხეში - 2.05 ლარი, სამტრედიაში - 2.20 ლარი, თელავში -2.65).
ჯანდაცვის უფლების თვალსაზრისით ყურადღება გამახვილებულია ონკო პაციენტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისების და მედიკამენტებით ფინანსური უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ პროგრამების მიღმა რჩება გვერდითი მოვლენების მართვის და ფსიქოლოგიური სერვისების ასევე დიაგნოსტიკის მიმართულებით სერვისების დაფინანსების საკითხი. გარდა ამისა, ვსაუბრობთ პირველადი ჯანდაცვის სერვისებში არსებულ სავალალო ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პირების დაბალ ანაზღაურებაზე. 2021 წელს პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კორონავირუსთან საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა და მოხსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები უმეტესწილად მეცნიერული მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით მიიღებოდა. COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზანი იყო 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა. თუმცა არაეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის, დაგვიანებული ფინანსური, წამახალისებელი თუ სხვა ტიპის ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 47%-ს არ აღემატებოდა. ამ კონტექსტში დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციური სისტემაში სამაგალითოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როგორც პატიმრებში, ასევე თანამშრომლებში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამწუხაროდ, გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ასევე, გრძელდება უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი. 2019 წლის 4 სექტემბრიდან, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტი, შედეგად დღემდე არსებობს ამ ტერიტორიაზე მწვავე მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყვანა.
კვლავ გამოწვევად რჩება სკოლებში პროზელიტიზმის/რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევები და მათი პროაქტიული გამოვლენა. რელიგიური უმცირესობების წინაშე მწვავედ დგას საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი. ეროვნული უმცირესობებისთვის კვლავ პრობლემებია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის, დასაქმების და პოლიტიკურ-საზოგადოებრივში ჩართულობის თვალსაზრისით.
წინამდებარე ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა 67 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. 2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური თემატური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი, 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 3 საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებებში ასობით ვიზიტი და საინფორმაციო შეხვედრა განახორციელა, რაც დეტალურად ანგარიშშია მიმოხილული.“