ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აქტიურ ზედამხედველობას ახორციელებს. „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახალხო დამცველის მიერ 29 სექტემბრის მდგომარეობით იდენტიფიცირებულ პრობლემატურ საკითხებს.

სახალხო დამცველის 1 სექტემბრის განცხადების შემდგომ, სამწუხაროდ კვლავ ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ასევე, გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დარღვევების ფაქტები დაადასტურა, სახალხო დამცველი იყენებს ტერმინ „სავარაუდოს“, რადგან მთელი რიგი შემთხვევები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და მათი დადგენა საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს პრეროგატივაა.

  • კანდიდატების შესაძლო ზეწოლის/დაშინების საქმეები

მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად გამოირჩევა ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით. სახალხო დამცველმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პირთა მხრიდან კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით,[1] 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელი.

კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობიაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ.

ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ.

სახალხო დამცველმა უკვე მიმართა[2] სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების[3] მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საყურადღებოა სხვა ცალკეული ფაქტებიც, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანება, საარჩევნო ბანერის მოპარვა, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლა, სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლა. ამ საკითხებზე ასევე, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან.

  • დასაქმებულ პირთა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეები

აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი აღნიშნულს სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას უკავშირებს.

სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. გამოიკვეთა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი ფაქტიც.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ზემდგომი პირები უშუალოდ ანდა სხვა პირების დახმარებით სთხოვდნენ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა. მათი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებაზე, სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 ფაქტთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით უკვე მიაწოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.[4] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით.[5] გამოკითხულია 5 პირი, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ასევე მოწმის სახით გამოძახებულია 40 პირი. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირი არ არის ცნობილი.[6] ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ შსს-ს თანამშრომლების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის 5 ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არ არის ცნობილი.[7]

გარდა ზემოაღნიშნულისა, აპარატი შესაძლო პოლიტიკური დისკრიმინაციის 14 საქმეს სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა სახის შრომით უფლებადარღვევებს შეეხება.

  • ძალადობრივი ინციდენტები

განსაკუთრებით მძიმე მოვლენები განვითარდა დმანისში (ქვემო ქართლში), სადაც პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი მხარდამჭერი დაშავდა, მათგან ორი ცივი იარაღით არის დაჭრილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოფელ განთიადში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატის შვილია დაკავებული.

სახალხო დამცველმა სამართალდამცავი უწყებებიდან კიდევ 4 ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია.

  • ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა

წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. ამ ეტაპზე, სახალხო დამცველმა 5 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საპასუხო კორესპონდენციის თანახმად, 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო 4 ფაქტზე, როგორც გვაცნობეს, მიმდინარეობს შესწავლა.[8]

  • მედია და უფლებადამცველები

შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს. 2021 წლის განმავლობაში, გარდა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა მედიის წარმომადგენელთა მისამართით განხორციელებული 24 შესაძლო დანაშაულის შესახებ.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ინციდენტების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საგამოძიებო უწყებების მხრიდან, რიგ შემთხვევებში არასათანადო რეაგირებასთან, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს პროკურატურას დღემდე არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს დასაბუთებული წინადადებებით მიმართა.[9]

ამავდროულად, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. ასეთი შემთხვევები ახალისებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას.

სამწუხაროდ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული რამდენიმე განცხადებაც გააჟღერეს.[10] ასეთი ფაქტები არაერთხელ გაგვიკრიტიკებია[11] და კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ საერთაშორის სტანდარტების თანახმად, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან, საჯაროდ აღიარონ მათი დაცულობის საჭიროება და აღნიშნონ უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.

  • საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა უფლებები

ყურადსაღებია მედიით გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების თაობაზე.[12] დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება, რომელიც მაღალი ალბათობით მათი პოლიტიკური ნიშნით შევიწროების მიზნით გამოიყენება. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს მანამდე არსებული პრაქტიკაც. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარსულში შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება საარჩევნო პერიოდში ბაღის და სკოლის დირექტორების სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების პრობლემა.[13] ასევე, ერთ-ერთი საქმის შესწავლისას სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია, რადგან გამოიკვეთა რომ განმცხადებლისთვის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობით იყო განპირობებული.

წინასაარჩევნო პერიოდში სალხახო დამცველისთვის ცნობილი გახდა ოთხი შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. მათგან, ორი ფაქტის შესახებ აპარატმა საგამოძიებო უწყებებს აცნობა.

ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ყველა შესაძლო ზეწოლის, მუქარის, დევნის, ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დანაშაულის ნიშნების მქონე სხვა ფაქტები; ჩატარდეს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით
  • უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირებულობა ყველა დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე

ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს:

  • არ დაუშვან პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა დისკრიმინაცია და სამსახურიდან გათავისუფლება
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირების დაცვას პოლიტიკური ზეწოლის, დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან

პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. უფლებადამცველებთან მიმართებით იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.

[1] საჯარო წყაროები და პარტიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის #04-11/8857, 14/09/2021 წერილი.

[3] მაგალითად: ლაგოდეხში, თელავში, ყარაჯალაში, გიორგეთში, კაბალში, ხაშურში, ოზურგეთში, სენაკში, წალენჯიხაში, ხულოში, ქედაში, ადიგენში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში.

[4] 2021 წლის 31 აგვისტოს N 04-2/8451 და 20 სექტემბრის N 04-2/8982 წერილები გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს; 2021 წლის 21 სექტემბრის N 04-2/9063 წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს.

[5] შრომის კანონმდებლობის დარღვევა.

[6] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 29 სექტემბრის წერილი MIA 8 21 02572356

[7] საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 15 სექტემბრის წერილი №13/56073.

[8] სახალხო დამცველის N04-11/8858, 14/09/2021 წერილი; გენერალური პროკურატურის №13/57997 23/09/2021 წერილი.

[9] საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, < https://bit.ly/3CyXHuk > [23.09.2021].

[10] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3lSZYtD>, <https://bit.ly/3lU83hI>, <https://bit.ly/3EL8Ud9 >, < https://bit.ly/3lPBemi > [23.09.2021].

[11] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 251, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3CJscy1 > [23.09.2021]; იხ. აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 24 ოქტომბრის განცხადება იმ საერთაშორისო ვალდებულებების თაობაზე, რომლებიც ხელისუფლებას უფლებადამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისთვის ეკისრება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3kBAySa > [24.09.2021].

[12] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3hZdUkX > [23.09.2021].

[13] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 230-231, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2XWLkto > [23.09.2021].


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)