საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
1 მაისს მსოფლიო მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დასაქმებულებს კვლავაც უწევთ ბრძოლა ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად. ხშირია შემთხვევები, როდესაც შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოთხოვნების საპასუხოდ, და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, დამსაქმებლები უხეშად არღვევენ მშრომელთა უფლებებს. პრობლემად რჩება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დამსაქმებლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა.
ღირსეული შრომითი პირობები კვლავ გამოწვევაა ქალებისთვის, 2022 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით, სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი განსხვავდება და კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას. ასევე, მიუხედავად „შრომით კოდექსში“ შესული პოზიტიური ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, როგორც მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება საჯარო სექტორში, ისე კერძო სექტორში დასაქმებული ქალების მიერ ამ უფლებით სარგებლობა.
შრომითი ურთიერთობისას, როგორც წინა სახელშეკრულებო ეტაპზე, ისე სამუშაო ადგილზე, ისევ ვხვდებით სხვადასხვა ნიშნით არათანაბარი მოპყრობის შემთხვევებს და დასაქმებულ ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტებს. სახალხო დამცველს საჯარო დაწესებულებაში განსხვავებული მოსაზრების გამო დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის არაერთი შემთხვევა გამოუვლენია.
კვლავ არაერთი ბარიერი არსებობს შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად, მათ შორის, დამსაქმებლებსა და შშმ ახალგაზრდებში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის არქონა, დამსაქმებელთა სტიგმა და მოუმზადებლობა გონივრული მისადაგების ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით. არასაკმარისია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს სერვისცენტრების გეოგრაფიული დაფარვაც.
გამოწვევას წარმოადგენს სერვისებისა და პროდუქტების საზიარო პლატფორმაზე მომუშავე კურიერების შრომითი უფლებების რეალიზების საკითხიც. კომპანიები პლატფორმაზე დასაქმებულ პირებთან არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას განიხილავენ არა შრომითსამართლებრივ ურთიერთობად, არამედ საპარტნიორო (მომსახურების, ნარდობის) ხელშეკრულებად, რის შედეგადაც დასაქმებული პირები ვერ სარგებლობენ ისეთი მინიმალური შრომითი უფლებებით, როგორიცაა შვებულება, ბიულეტენი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და ა.შ.
სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ან/და სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკა, განსხვავებული მოსაზრება თუ პროფკავშირული საქმიანობა დამსაქმებლებისთვის მიუღებელია და ხშირად იწვევს მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.
შრომით კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული პოზიტიური შრომითი რეფორმის მიუხედავად, დიდი ძალისხმევაა გასაწევი არსებული რეგულაციების სათანადოდ აღსასრულებლად და დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, გაატაროს ქმედითი ნაბიჯები, ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.