საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, 2022 წლის 15 სექტემბრიდან დაიწყო საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად:
ა) საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი. მას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
გ) კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
დ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ.
განცხადების წარდგენით კანდიდატი იძლევა თანხმობას იმაზე, რომ მოძიებულ და დამუშავებულ იქნეს მისი პერსონალური მონაცემები, კანონის შესაბამისად.
განცხადება უნდა გაიგზავნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.