ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშთან დაკავშირებით

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე.“ დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა 2023 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება.

სახალხო დამცველმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო უწყებებს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალურ ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს 301 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 74,42% გაიზიარა (მათგან დაახლოებით 12% კი ნაწილობრივ არის გაზიარებული). რეკომენდაციების დანარჩენი ნაწილი არ აისახა პარლამენტის დადგენილებაში ან მათში არსებითი ცვლილებების განხორციელების საფუძვლით არ ითვლება გაზიარებულად.[1]

საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად 270 დავალება გასცა.

სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია იმ რეკომენდაციების რაოდენობა, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა დადგენილებაში. კერძოდ, 2023 წლის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის 23 რეკომენდაცია, ეს მაჩვენებელი 2022 წელსაც 23 რეკომენდაცია იყო, ხოლო 2024 წლის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშის 44 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციების ნუსხა თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართის სახით.

დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპამდე არ ჩატარებულა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო და შემუშავებულიყო დასკვნა პარლამენტის 2023 წლის დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე.[2]

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, მის მიერ გაცემული, შესასრულებლად სავალდებულო დავალებების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ხოლო თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას, ყველა ფორმატში ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების სრულყოფილად შესრულების მიზნით.


[1] რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი შესაძლებელია მცირედით დაზუსტდეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისა და მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად. დაზუსტებული მონაცემები აისახება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, პარლამენტის 2024 წლის 27 ივნისის N4332-XIVმს-Xმპ დადგენილების აღსრულების თაობაზე

[2] აღნიშნული ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის მეორე პუნქტისა და მისი დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით აქვს განსაზღვრული. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებების შესრულების თაობაზე კომიტეტის მიერ მიღებული უკანასკნელი დასკვნა პარლამენტის ვებ. გვერდზე იძებნება მხოლოდ 2019 წლის დადგენილებასთან დაკავშირებით. იხ. < https://info.parliament.ge/#law-drafting/20671 > [12.09.2024]

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)