რეკომენდაციები სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სახელმწიფო სტრატეგიისთვის
2021 წლის 14 აპრილს სახალხო დამცველმა და მასთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს (ტოლერანტობის ცენტრი) და სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობისა ოფისის დირექტორის მოადგილე (USAID/საქართველო) ლორა ბერგერი.
მომხსენებლებმა ძირითადი პრიორიტეტები წარმოადგინეს და ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა, მასმედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თანასწორი და ტოლერანტული გარემოს განმტკიცება და მართლმსაჯულების სიტემაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დამსწრეებმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და წარმოდგენილი რეკომენდაციების გეგმაში ასახვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება გაიმართა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) დახმარებით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.