რეგიონული კონფერენცია - კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო UNDP საქართველოს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში - კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ორდღიან კონფერენციაზე დამსწრე საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და იურიდიული დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები თავიანთი ქვეყნების კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ყველასთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ ერთმანეთს.
თავის მისასალმებელ სიტყვაში ლევან იოსელიანმა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილებაზე, ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფუნქციაზე, სასამართლო რეფორმებში ჩართულობაზე, საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობასა და ანგარიშგების პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა.
„მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება საქართველოს ევროპული მომავლის წინაპირობად განისაზღვრა, ევროპული მომავალი კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან. ეს ძალიან კარგად გვესმის ყველას და ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული კანონის უზენაესობის პრინციპის უფრო მაღალი სტანდარტისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების პროცესში.
დიდ ყურადღებას ითხოვს ეთნიკური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის ეფექტური ხელმისაწვდომობა. ჩვენი აპარატის საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს ასევე, შშმ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების საკითხებისადმი. ამ საკითხის მოსაწესრიგებლად ვამზადებთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებებს, სპეცანგარიშებს, მათ მთელი თავი ეთმობა ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში; მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეგვაქვს სასამართლოს რეფორმირების პროცესში. საკითხი აქტუალური და ხშირ შემთხვევაში პრობლემურია, თუმცა, დებატები აუცილებელია გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და ნდობით აღჭურვილი სისტემის ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ კონფერენციის პანელზე მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის საფრთხეებსა და მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე.
ასევე ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის დაკონკრეტების საჭიროებაზე. უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ეფექტური რეაგირების მექანიზმის ხარვეზებზე; ხაზი გაუსვა ეროვნული სამოქმედო სტრატეგიის ნაკლოვანებებს და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი მუშაობის პროცესში სტრატეგიაში სრულად აისახება სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ყველა ნაკლოვანება აღმოიფხვრება. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეკრება-მანიფესტაციებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ნეგატიურად შეაფასა.
მოკლედ მიმოიხილა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების უსაფრთხოების მიმართულებით და საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ პასუხობს კონსტიტუციურობის სტანდარტებს და საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვის მნიშვნელობას და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების აუცილებლობას.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ. დეკლარაცია ადგენს რეგიონულ სტანდარტებს ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის და აძლიერებს კოორდინაციას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს შორის.
ღონისძიება UNDP საქართველოს პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ყველასთვის“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით იმართა.